• ყველაფერი ამაოა სიყვარულის გარდა

    ყველაფერი გახდა ამაო სიყვარულის გარდა. როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ, მაშინ ხვდები, რომ რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს, ეს მხოლოდ სიყვარულია. დანარჩენი ყველაფერი ამაო და ამ ქვეყნიურია. გახსენდება ყველა წყენა, ვინმეს თუ მიაყენე, განსაცდელი, რაშიც შენი ქმედებით სხვა ჩააგდე. სადღაც ნანობ, სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას. სადღაც იმის იმედი გაქვს, რომ მას აუცილებლად იხილავ, რადგან ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი. ერთადერთს დანამდვილებით ხვდები, რომ არაფერია ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე. აბსოლუტურად ყველა წამი ამაოა სიყვარულის გარეშე.


    ჩვენ გვსურს ამ სამყაროში დავიმკვიდროთ თავი, მივაღწიოთ წარმატებებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამსოფლიურ ცხოვრებას აქვს დასასრული და ეს დასასრული, შეიძლება დადგეს ერთ წამში. ისე, რომ ვერც გაიგოს, ვერც შეიგრძნოს, ისე მალე და უეცრად შეიძლება მოვიდეს ეს აღსასრული. სანამ ცხოვრობ და სუნთქავ, ყველა წამი სიყვარულით უნდა გაჟღინთო, ყველას უნდა მიანიჭო სიყვარული. დავინახე, რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი ამაო გახდა. 


    ასევე, არაფერი ადამიანის ფასი არ არის ამ სამყაროში. ვნახე სიკვდილიც და ვნახე სიცოცხლეც. და მივხვდი, რომ ადამიანის ფასად სამყაროში არაფერი ღირს.


    ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. სიტყვა ძვირფასია, სიტყვას ძალა აქვს. შეიძლება მუშტმა ვერ გატკინოს და გავნოს ისე, როგორც სიტყვამ. სიტყვები ადამიანის გულში გრძნობებად იქცევა, გრძნობები საბოლოოდ დარჩება ჩვენგან და გაგვყვება მარადისობაში. სიყვარული რჩება და სიყვარული მიგვყვება. ეს ვნახე და ეს განვიცადე. დანარჩენზე ტყუილად ვზრუნავთ.


    ადამიანი არაფერი ხარ. აი, მხოლოდ იმისთვის ხარ ადამიანი, რომ სიყვარულის გაცემა შეგიძლია. 

    ***


    მღვდელი თეიმურაზ ქორიძე

    24 დეკემბერი, 2024
    449
    მსგავსი სტატიები