ღმერთი უცვალებელია!
აბა წაროიდგინეთ, რომ ჯვარზე ხართ გაკრული და ლითონის ლურსმნებით ხართ მიმაგრებული! ერთი ნემსის ჩხვლეტა გვტკივა დ გავურბივართ და როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ჯვარცმას, როდესაც მხოლოდ ლურსმნები იჭერენ მთელ სხეულს? შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. მაგრამ ღმერთი, რომელსაც წამისყოფაში შეეძლო, რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინა, ითმენდა! ვისთვის ითმენდა? საკუთარი თავისთვის? არა, ჩვენთვის! რომ არ ვყვარებოდით, ამას გააკეთებდა? მაგრამ მან ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით აღასრულა!
განა ასეთ სიყვარულს შეუძლია უსამართლობის ჩადენა? არასოდეს! იქნებ ღმერთი ჩემნაირია: დღეს კარგი, ხვალ კი ცუდი. არა! ღმერთი უცვალებელია! განა მე ვწვდები მის სამართალს, როდესაც ვამბობ, რომ ის უსამართლოდ იქცევა? განა შემიძლია ღმერთის განსჯა? განა ვწვდები მის გონებას? განა შემიძლია მისი მრჩეველი, ან მოსამართლე ვიყო? მხოლოდ მაშინ ხდები ბრძენი და მხოლოდ მაშინ დაადუმებ ეშმაკს, როდესაც განსაცდელს მოთმინებით გადალახავ. როდესაც ის მოვა და ეცდება, რომ თქვენში ქრისტეს რწმენა მოსპოს, რადგან იცის, რომ თქვენში რწმენის განადგურებით მთელ ცხოვრებას დაგინგრევთ, ეცადეთ, რომ მოიხვეჭოთ ეს სიბრძნე და სიმდაბლე და ზურგი აქციეთ მას!