• რას ნიშნავს ჩვენთვის გზის დასასრული?

    რას ნიშნავს ჩვენთვის გზის დასასრული? დასასრული ღვთის პოვნაა. როცა კაცი ღმერთს პოულობს, იგი ყველაფერს პოულობს, პოულობს უსასრულო ნეტარებას. ის კი, ვინც ღმერთი არ იცის, უბედურია.
    ჩვენ ღვთის შვილები ვართ და არ ვიცით ჩვენი მამა; გვყავს ზეციერი მამა, მაგრამ არ ვიცნობთ მას. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი მამაა ჩვენი, მაგრამ გული დუმს, გული არ იცნობს მას, ჩვენი სულის თვალს იგი არ უხილავს. ჩვენ რომ ვიცოდეთ, როგორია ჩვენი მამა, სიხარულისგან შეშლილებივით ვიყვირებდით! ჩვენ დიდი მამის შვილები ვართ - იგი დიდია სულიერი სიმდიდრისა და ნიჭების მნიშვნელობით.
    ვინც არ უნდა მოისურვოს ღმერთზე ლაპარაკი, სიტყვები არ ეყოფა საამისოდ. რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი სინათლეს, მით უფრო ჭრის შუქი თვალებს და ვეღარაფერს ხედავს, და რაც უფრო უახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ნაკლები სიტყვები რჩება მასზე სათქმელად. რა სამწუხაროა, რომ ასეთი მამის შვილები ისეთ სულიერ სიღატაკეს განვიცდით, რომ თავი უბედურებად მიგვაჩნია, ვერ ვგრძნობთ მის სიყვარულს, არა ვართ ბედნიერები.
    რისთვის ვართ შექმნილნი? ღმერთს იმისთვის არ გავუჩენივართ, რომ უბრალოდ კაცთა შექმნის უნარი ეჩვენებინა. მან იმისთვის გვშვა, რომ ბედნიერები ვიყოთ, ვტკბებოდეთ ღმერთით. ნეტარი ადამიანები მან ბედნიერებისთვის შექმნა. მაგრამ ჩვენ ვეურჩეთ ღმერთს და გზა დაგვებნა, იქამდე მივედით, რომ სრულიად დაგვავიწყდა ჩვენი ნამდვილი მამა - ვინც და რაც გნებავთ, ის გვიყვარს, ოღონდ არა ღმერთი. ღმერთი რომ გვიყვარდეს, გულმოდგინედ დავიცავდით მის მცნებებს.
     

    19 ოქტომბერი, 2024
    29
    მსგავსი სტატიები