გონიერი ლოცვის ნიჭი მხოლოდ ეკლესიის წიაღში მოქმედებს და მოიხვეჭება
ისეთ მონაზვნებსაც ვიცნობდი, რომლებსაც შეეძლოთ, რომ მთელი დღე ლოცვაში გაეტარებინათ, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების განცდა არ ჰქონდათ, საძმოსგან განცალკევებით ცხოვრობდნენ და საკუთარ თავს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განაშორებდნენ. ასეთი ცხოვრების წესს ადამიანი სიამაყემდე მიჰყავს. ამ მდგომარეობაში შეიძლება მას ნათლის ანგელოზის სახით ეშმაკი გამოეცხადოს.
ხაზგასმით ვამბობ, რომ გონიერი ლოცვის ნიჭი მხოლოდ ეკლესიის წიაღში მოქმედებს და მოიხვეჭება. წიგნში ''მწირის გულახდილი საუბრები'' ვკითხულობთ, რომ მთავარი გმირი გულმოდგინედ შრომობს იესუს ლოცვაში და ამასთან ერთად მას ჰყავს მოძღვარი და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. სულიერი ცხოვრების თვითმიზანი არ არის გონიერი ლოცვა, არამედ ეკლესიის წიაღში ცხოვრება და ეკლესიოლოგიური ცნობიერების მოხვეჭა. სულიერი ცხოვრების ცენტრი არის საღმრთო ლიტურგია, რომლის საშუალებითაც მივეახლებით ქრისტეს.
ერთხელ, ერთმა სტუდეტმა მითხრა: ''დღეში სამიათას იესუს ლოცვას ვამბობ''. ვუპასუხე:''ყოჩაღ, ტაძარში დადიხარ?'', მან მიპასუხა: ''არა''. კიდევ ვკითხე: ''აღსარებას ამბობ?'', - ''არა''. - ''ეზიარები ხოლმე?'' - ''ძალიან იშვიათად''. ბოლოს ვუთხარი: '' ამ შემთხვევაში ეგ ლოცვა ვერ დაგეხმარება''.
ამრიგად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ სულიერი ცხოვრების მიზანი არის ეკლესიის წიაღში ქრისტესთან ერთობა წმინდა ევქარისტიისა და სულიერი ღვაწლის, ისიხასტური პრაქტიკის მეშვეობით.