წმინდა მაკარი დიდი წარმოგვიდგენს იგავს ადამიანის შესახებ
წმინდა მაკარი დიდი წარმოგვიდგენს იგავს ადამიანის შესახებ, რომელიც მეფის სასახლეში შედის, მის მშვენიერებას და სილამაზეს ხედავს და ბოლოს მეფესთან ერთად სადილობს. იქედან გამოსული, როდესაც ჩვეულებრივ ყოფას უბრუნდება, განსხვავებას მკეთრად გრძნობს. მეფის სასახლესთან შედარებით, ყველაფერი არაკეთილსურნელოვან ადგილად ეჩვენება.
ასე ემართება იმ ადამიანსაც, ვინც ქრისტესმიერ სიკეთეთა ჭვრეტის ღირსი გახდა. როგორც წმ. სოფრონი ამბობს: ‘’ქრისტემ ამ ადამიანს ახალი სიცოცხლე განუცხადა. ახალი საზრდელი ახმევინა. უჩვენა მისი დიდება და გამოუთქმელი ზეციური მშვენიერება. როდესაც ამის განმცდელი და მხედველი ადამიანი ამ სულიერ სიკეთეებს ამქვეყნიურს ადარებს, ჭვრეტს რა ზეციურ საუჯეს, ყველაფერს უარყოფს. მან შეიცნო, რომ ღმერთი სიყვარულია და საკუთარ გულში ქრისტეს საღმრთო ცეცხლი მიიღო, რომლითაც გაუთქმელად ხარობს, და ტკბება. მისი გული ქრისტეს გარდა სხვას აღარაფერს ეჯაჭვება’’.
ასეთი ლოცვის შემდეგ მამა სოფრონი თითქოს ფიზიკურად სრულიად გამოიფიტებოდა ხოლმე და როგორც თავად ამბობდა ქრისტერსმიერ სიმდაბლეს უახლოვდებოდა, რომელიც: ‘’ვერაფერ ამქვეყნიურს ვერ შეედრება, რადგან ქრისტეს სიმდაბლე - მიუწვდომელია! ეს სიმდაბლე ატრიბუტია საღმრთო სიყვარულისა, რომელიც საკუთარ თავს სრულიად გასცემს’’.
ასეთი ლოცვა ინდივიდის ლოცვა კი აღარაა, არამედ პიროვნების. ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ადამიანი როდესაც ლოცულობს, თავის უღირსებას და უმსგავსობას დასტირის. მაგრამ როდესაც ქრისტეს დაინახავს მის უქმნელ ენერგიებში, ადამიანი პირისპირ ხვდება სამყაროს შემოქმედ ცოცხალ ღმერთს და მასთან ერთად მთელ კაცობრიობასაც. ასე იბადება პიროვნული ლოცვა: ლოცვა მთელი სამყაროსთვის. ასეთი ლოცვა მამა სოფრონს საერთო საკაცობრიო ტკივილს იმდენად განაცდევინებდა, რომ თითქმის მთელი ცხოვროება დაუსრულებლად ტიროდა ყველა ადამიანის გადარჩენისთვის.
მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ‘’ვიცი კაცი ქრისტეში’’