• მენელსაცხებლე დედები

     მენესაცხებლე ნიშნავს მირონის მცხებელს. მენელსაცხებლენი იყვნენ დედები, რომლებიც ქრისტეს აღდგომის ღამეს უფლის დაფლვის ადგილისაკენ იჩქაროდნენ, რათა აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლები ეცხოთ თავიანთი მოძღვრის სხეულისათვის.
    მენელსაცხებლე დედები ერთად არ შეკრებილან მხოლოდ ჩვენი უფლის აღდგომის ღამეს ან წინა დღით. წმინდა სახარების ფურცლებიდან ვიცით, რომ როცა მაცხოვარი ქალაქებსა თუ სოფლებში ქადაგებდა, მის გარშემო ყოველთვის იყო ადამიანების დიდი ჯგუფი, იყო ხალხი, რომელიც მოდიოდა, ისმენდა და მიდიოდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სულ მის გვერდით იყვნენ. მათ შორის, გარდა უფლის მიერ გამორჩეული მოციქულებისა, იმყოფებოდნენ დედებიც. თავიდან ისინი ცოტანი იყვნენ, შემდეგ კი მათი რიცხვი გაიზარდა.
     დედები თან ახლდნენ მოძღვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოესმინათ მისი სწავლებანი, არამედ თავიანთი განუზომელი სიყვარულით ისე ემსახურათ მისთვის, როგორც შეეძლოთ. ისინი ზრუნავდნენ მოძღვრის ღამის გასათევზე, საჭმელსა და სასმელზე და როგორც მახარებელი ამბობს: „ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა“ (ლუკ. 8,3), ე.ი. ამ ადამიანებს მაცხოვრის მსახურებისთვის მოჰქონდათ ის, რაც სახლში ჰქონდათ.
     ყველა მათგანის სახელი ჩვენთვის ცნობილი არ არის. მახარებლებმა და წმინდა გარდამოცემამ შემოგვინახეს რამდენიმე სახელი: მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა და მარიამი – ლაზარეს დები, სუსანა და სხვები. მათ შორის იყვნენ ცნობილი და მდიდარი ქალბატონები, მაგალითად, იოანა, იროდი მეფის სასახლის მმართველის ცოლი და ღარიბი და დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლები: სალომე და სხვ. მენელსაცხებლე დედებს შორის იყვნენ ქალწულები, ქვრივები, დაოჯახებული ქალები, რომლებმაც, მაცხოვრის ქადაგებით შთაგონებულებმა, ოჯახები დატოვეს, სხვა დედებთან ერთად ყველგან თან ახლდნენ მას და ემსახურებოდნენ.
     წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „გასაოცარი არ არის, რომ მათ თავიანთი გულები მაცხოვარს იმ დღებში მიუძღვნეს, როცა მისი საღვთო დიდება სასწაულებში გამოჩნდა და გაისმა ჯერ კიდევ არსმენილი ქადაგება ამქვეყნად. მაგრამ განსაცვიფრებელია, როცა ვხედავთ ამ ადამიანთა შეუდრეკელ სიყვარულს უფლის მიმართ, როცა იგი – ნაწამები, შეურაცხყოფილი – სასიკვდილოდ გადასცეს“.
     მენელსაცხებლე დედები იდგნენ ქრისტეს ჯვართან, დაღვარეს ცრემლი თანალმობისა და როგორც შეეძლოთ, ანუგეშეს ღვთისმშობელი დედა. ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, როცა ღვთისმშობელი მარიამი და იოანე მახარებელიც კი მოშორდნენ ჯვარს, წმინდა დედები არ განშორებიან ჯვარცმულ მაცხოვარს. ნიკოდიმოსთან და იოსებთან ერთად, ისინი მონაწილეობდნენ თავიანთი მოძღვრის საფლავად დადებაში. მათ იხილეს, რომ ეს დაფლვა, რომელიც სწრაფად აღსრულდა, რადგან ახლოვდებოდა ებრაული პასექი, არ იყო სრულქმნილი: მათ ვერ მოასწრეს ნელსაცხებელი ეცხოთ მაცხოვრის სხეულზე. ამიტომ მთელი შაბათი შფოთში გაატარეს, ფიქრობდნენ, მოასწრებდნენ თუ არა შაბათ საღამოს, დღესასწაულის დამთავრებისას, უფლის სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ.
     ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ერთგულებისა და თავდადებული სიყვარულისათვის უფალი აღდგომის შემდეგ პირველად მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადა და მიმართა მათ სიტყვით: „გიხაროდენ!“ (მათ.28,9).
     ამგვარად მან მენელსაცხებლეთ აუწყა, რომ უფლის მიმართ გამოხატული უდიდესი სიყვარულის გამო, მათ სიხარული ელოდებოდათ არა მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დარჩენილ დღეებში, არამედ მარადიულად, ამქვეყნიდან გასვლის შემდეგაც.
     სწორედ ამ სიყვარულისთვის მიიჩნევს ეკლესია მენელსაცხებლე დედებს წმინდანებად და ჩვენ ამ დღეს ჩვენი ლოცვებით შევთხოვოთ მათ, ღვთის წინაშე ილოცონ ჩვენთვის, რათა ღირსეულად აღვასრულოთ მარადიული ხსნისაკენ მიმავალი გზა.
     წმინდა მენელსახებლე დედები თავიანთი მაგალითით გვასწავლიან, როგორი უნდა იყოს სიყვარული ღვთის მიმართ.
     ჭეშმარიტი სიყვარული არ არის ხანმოკლე აღტკინება ჩვენი გულისა. ის არის მარადიული, შეურყეველი და არასოდეს განქარდება. ის უცვლელია და ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში ყოველთვის ღვივის, სიხარულის ჟამს თუ განსაცდელისას...
     მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
     გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივი

    01 დეკემბერი, 2024
    29
    მსგავსი სტატიები